English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ იოსებ არჩვაძედავით კბილაძე
საყურადღებო სახელმძღვანელო ეკონომიკურ თეორიაში

საქართველოს აკადემიურმა გამომცემლობამ დასტამბა  პროფესორების ვ. ბასარიას და რ. ბასარიას წიგნი „ეკონომიკის პრინციპები“ (რედაქტორები: პროფ. იაკობ მესხია, პროფ. რევაზ ხარებავა, პროფ. დავით კბილაძე; თბ., 2017), რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან - „მიკროეკონომიკა“ და „მაკროეკონომიკა“. ამავდროულად, ნაშრომი, ფაქტობრივად, ერთი სახელმძღვანელოა ეკონომიკურ თეორიაში: მისი მეორე ნაწილის („მაკროეკონომიკა“) შესწავლა შინაარსობრივად გამომდინარეობს და დაკავშირებულია პირველი ნაწილის („მიკროეკონომიკა“) ათვისებასთან. ვფიქრობთ, ეს წიგნის დადებითი მხარეა. სახელმძღვანელოს შინაარსის ჩამოყალიბებისას გამოყენებულია საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული ტიპური პროგრამები (სილაბუსი). წიგნის თითოეულ ნაწილში შვიდ-შვიდი თემაა მოცემული, რაც შესაძლებელს ხდის საგნის სწავლება ორგანიზებულ იქნეს ორ სემესტრში.

ეკონომიკის პრინციპები ნაშრომში ნეოკლასიკური თეორიის პოზიციიდანაა გაშუქებული. საკითხების გადმოცემისას ავტორები, როგორც ანოტაციაშია მითითებული, მიმართავენ „ეკონომიკური მეცნიერების გამოჩენილი წარმომადგენლების (კლასიკოსების) გზამკვლევ იდეურ მემკვიდრეობას, ასევე ნობელის პრემიით დაფასებულ პ. სამუელსონის სახელმძღვანელოს „ეკონომიკა“, გრეგორი მენქიუს და სხვა ცნობილი ავტორების ნაშრომებს“. მაკროეკონომიკის ნაწილში დიდი ადგილი აქვს დათმობილი კეინზის კონცეფციას, განსაკუთრებით სამთავრობო მაკროეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში.

ამასთან, დაბეჯითებით გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ საქმე გვაქვს ქართველი ავტორების მიერ შექმნილ ორიგინალურ ნაშრომთან: ეს ეხება მის როგორც შინაარსს, წყობას, გადმოცემის სტილს, ასევე საქართველოს ეკონომიკური რეალიებიდან გამოყენებულ მაგალითებს.

წიგნის ავტორები წინათქმაშივე ისახავენ თავიანთ ამოცანად დაეხმარონ სტუდენტებს (ასევე სხვა მკითხველს) ეკონომიკური აზროვნების დაუფლებაში. მართლაცდა, პრაქტიკულად ყველა თემასა და თემებისადმი დართულ კითხვარებში ისინი ცდილობენ მაქსიმალურად მიაპყრონ სტუდენტების

 აზროვნება გაშუქებული პრობლემების და საკითხების წინააღმდეგობრიობას და გამოიწვიონ მათში ამის განხილვაში  მონაწილეობის სურვილი.

სახელმძღვანელოს გასდევს ავტორთა სურვილი და მცდელობა, რომ არჩეული მეცნიერების დარგის მეტ-ნაკლებად დაუფლებასთან ერთად, მკითხველს განუმტკიცდეს ეკონომისტისათვის აუცილებელი ობიექტურად, მიუკერძოებლად მსჯელობის განწყობა.

აღნიშნულის საილუსტრაციოდ წიგნიდან გამოდგება,  თუნდაც ის, რომ ნაშრომის მე-2 ნაწილის მე-2 თემის მე-5-6 თავებში განხილულია საკითხი - „ცოდნა, საზოგადოებრივი მენტალიტეტი და ეკონომიკური ზრდა“, სადაც საქართველოს განათლების სისტემაში დღეს არსებული მდგომარეობა შეფასებულია როგორც ძალიან მძიმე, პრობლემური. ეს მოსაზრება, რომ იტყვიან, არახალია, მაგრამ ის, რომ ავტორები ამას ჩვენ საზოგადოებაში გავრცელებულ „დიპლომომანიის“ მენტალურ განწყობას  უკავშირებენ და მდგომარეობის გაუმჯობესების თავისებურ რადიკალურ, მათი აზრით, სრულიად აუცილებელ, გარდაუვალ ღონისძიებას გვთავაზობენ, ეს უეჭველად საინტერესო და საყურადღებოა.

მოსაზრებები საქართველოს განათლების სისტემის მდგომარეობაზე (რომელიც, საბოლოო ანგარიშით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზეც უდიდეს გავლენას ახდენს), ამ წიგნის გამოცემამდეც არაერთგზის გამოუთქვამს მის ერთ-ერთ ავტორს - ბატონ  ვლადიმერ ბასარიას თავის სამეცნიერო პუბლიკაციებში, რაც  შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან სათანადო რეაგირებასა და გათვალისწინებას საჭიროებს.

ეკონომიკური თეორიის სახელმძღვანელოების ავტორებს, აგრეთვე საგნის ლექტორებს ზოგჯერ საყვედურობენ, რომ ხანდახან საკითხებს იმეორებენო. ეს  ნაშრომშიც გვხვდება, მაგრამ არ მიგვაჩნია დიდ ცოდვად; უფრო მეტიც, ვთვლით, რომ დისციპლინის შინაარსიდან გამომდინარე, ეს საჭირო და გარდაუვალიც კია ზოგჯერ. ამიტომ, ამ თვალსაზრისით პრეტენზიას ვერ გამოვთქვამთ.

ამასთან, ერთ შემთხვევაში, ნამდვილად შევეკამათებით ავტორებს. ეს ეხება საბაზრო ეკონომიკაში ეროვნული შემოსავლის განაწილების პრობლემას. პირდაპირ ადეკვატური დასათაურების ქვეშ ეს საკითხი გადმოცემულია წიგნის როგორც პირველ, ასევე მეორე ნაწილებში (თემაში, რომელიც ეხება ფირმის საქმიანობას, და თემაში, რომელშიც განხილულია მშპ-ის წარმოება). მართალია, პირველ შემთხვევაში საკითხისადმი მიმართვას ავტორები წარმოაჩენენ, როგორც მასში გარკვევის მცდელობას (თავისებურ „სინჯს“), ხოლო მეორეში, როგორც ცოდნის „გაღრმავება - გაფართოებას“.  ჩვენი აზრით, მაინც უფრო მართებული იყო მისი თავიდან ბოლომდე მაკროეკონომიკის ნაწილში გადმოცემა.

წიგნი გამართული, ლიტერატურული ქართულითაა დაწერილი და ინტერესით იკითხება. ვფიქრობთ, ის ეკონომიკური სპეციალობის დამუფლებელ - გამღრმავებელთა ცხოველ ინტერესს გამოიწვევს. ამასთან, თუ ავტორები შესაბამის კომერციულ ნიჭს და შემართებას გამოიჩენენ, იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარი ნაკლებად არის გაჯერებული ეკონომიკური თეორიის ქართულენოვანი სახელმძღვანელოებით, შესაძლებელია, წიგნის გამოცემის ხარჯები მათ ერთგვარი ნამეტითაც დაფარონ.

დაბოლოს, საერთო დასკვნა. ეკონომიკური თეორიის სახელმძღვანელოს შექმნა ურთულესი და უდიდესი პასუხისმგებლობის მატარებელი მძიმე სამუშაოა. ამ საქმეში უმაღლესი შედეგის მიღწევა თავისებური „ევერესტის დაპყრობაა“ და ეს მხოლოდ პოლ სამუელსონის და ალფრედ მარშალისთანა გამორჩეული შესაძლებლობების მკვლევართა ხვედრია. ევერესტის რა მოგახსენოთ, მაგრამ წიგნის ავტორებმა ჩვენი რეალობის მყინვარწვერი რომ დალაშქრეს, ამის თქმა ნამდვილად შეგვიძლია.